English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნინო პაპაშვილი პასკალ ჟელევი ლელა ჯამაგიძე
საქართველო - ბულგარეთის ეკონომიკური ურთიერთობები: თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები

ვრცელი რეზიუმე 

ნაშრომი ეძღვნება საქართველო-ბულგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწეული დონის შეფასებას და პერსპექტივების განსაზღვრას. ამ მიზნით გაანალიზებულია ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები; საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ასპექტები ტურიზმის, ფულადი გზავნილების და ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით. გამოვლენილია საქართველო-ბულგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. შემუშავებულია სათანადო რეკომენდაციები. სტატიაში სისტემურადაა წარმოდგენილი საქართველო-ბულგარეთის პოსტსოციალიტური ეკონომიკური კავშირები და ამ თვალსაზრისით იგი პირველი ცდაა. ნაშრომში აღნიშნულია საკითხის კვლევისას წარმოქმნილი სირთულეები.

საქართველო-ევროკავშირი ეტაპობრივად დგამს თანამშრომლობის პროგრესულ ნაბიჯებს. 2017-2020 წლებისთვის ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი, რომელიც სა-ქართველოს აძლევს საშუალებას 2020 წლამდე მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთით გაფართოების სურვილი დადასტურებულია. საქართველოს აქვს ამბიცია უფრო გააღრმაოს კავშირები რეგიონული ეკონომიკური კავშირის წევრობის მიმართულებით. 2017 წლის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, რათა პარტნიორმა ქვეყნებმა სარგებელი მიიღონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. პოლიტიკური ორიენტირების ფონზე ეკონომიკური საფუძვლების განმტკიცების შესაძლებლობების კვლევა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ინსტიტუციური ასპექტებით მიღწეული წარმატებები ჯერ-ჯერობით სათნადოდ ვერ აისახა ეკონომიკური სარგებლის ზრდაში. ევროინტეგრაციის გაფართოების პერსპექტივების შესაფასებლად მნიშვნელოვანია ქვეყნების დონეზე ეკონომიკური ურთიერთობების არსებული მდგომარეობის შეფასება და აუთვისებელი პოტენციალის გამოვლენა, რაც გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობაა. საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში ბულგარეთი გამოირჩევა იმით, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანასთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს ისეთი მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, როგორსაც ბულგარეთთან. ამასთან, იგი მოგვიანებით გაწევრიანდა ევროკავშირში და სასარგებლოა მისი გამოცდილების გაანალიზება ევროინტეგრაციის მიმართულებით; საქართველოსთან ახლო გეოგრაფიულ დისტანციაზეა, მსგავსია ეკონომიკის სტრუქტურული მოწყობით და შესაძლებელია ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია შეასრულოს ევროკავშირის უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებთან მიღწეული საკომუნიკაციო თუ საწარმოო თანამშრომლობის ასპექტით.

კვლევის ფარგლებში განხორციელებული ანალიზიდან ირკვევა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის პოტენციალი სრულად არ არის რეალიზებული. სავაჭრო ასორტიმენტი არ არის დივერსიფიცირებული, ხოლო ბულგარელი ინვესტორების ინტერესი შემოფარგლულია შეზღუდული რაოდენობის სექტორებით, რაც არ ახდენს არსებით ზემოქმედებას საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან საქართველო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს ბულგარეთთან, თუმცა მნიშვნელოვანი ძვრები როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთობაში 2003 წლიდან შეინიშნება. 2003 წლიდან დღემდე ბულგარეთში განხორციელებული ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 0-10 %-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ამავე პერიოდში იმპორტის წილი საქარ-თვე¬ლოს მთლიან იმპორტში მერყეობს 2-6 %-ის დიაპაზონში. იგი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ბულგარეთის საექსპორტო ქვეყნებს შორის საქართველო მხოლოდ 21-ე ადგილზეა, 0.94% წილით, ხოლო ბულგარეთის იმპორტში 29-ე პოზიციაზეა 0.64% წილით.

საქართველოს ძირითადი საექსპორტო კატეგორიები ბულგარეთში არადივერსიფიცირებულია. 2010 წლიდან დღემდე საქართველოდან ბულგარეთში შედარებით უფრო სტაბილურად ხორციელდებოდა შემდეგი სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი: სპილენძის მადნები და კონცენტრატები; ამონიუმის ნიტრატი, მათ შორის წყალხსნარში (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქი); ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაცლილი, ტყის კაკალი ანუ თხილი (ჩორყლუს სპპ.); სპილენძის ნარჩენები და ჯართი; ფეროსილიკომანგანუმი; ნავთობ ან აირ-გაყვანილობის უნაკერო მილები შავი ლითონებისაგან (თუჯის სხმულების გარდა), გარდა კოროზიამედეგი ფოლადისაგან; წყლები მინერალური და გაზიანი; ყურძნის ნატურალური ღვინოები (ყურძნის ცქრიალა ღვინოების გარდა), 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში. სტაბილურ ჯგუფს წარმოადგენს, მაგრამ მეტად მცირე რაოდენობით არის ექსპორტში წარმოდგენილი სამკურნალო საშუალებები; ასევე, მცირე სასაქონლო ჯგუფებს ქმნიან სხვადასხვა ტიპის ავტომობილები.

ბულგარეთში ფრაგმენტულად განხორციელდა ახალი ან გაცივებული ბოსტნეულის ექსპორტი (2015-16 წლებში); კერამიკის სტატუეტები და დანარ¬ჩენი დეკორატიული ნაწარმი, გარდა ფაიფურისა (2012-16 წწ.), პლასტმასის საო¬ჯახო ნივთები და ტუალეტის საგნები, გარდა სასადილო და სამზარეულო ჭურჭელისა (2016-17 წწ.) და სხვ. აღსანიშნავია, რომ ავეჯის კლასტერის განვითარების მიმართულებით გარკვეული თანამშრომლობის პერსპექტივებზე დაიწყო მუშაობა ბულგარეთთან.

იმპორტის არსებითი ზრდა ბულგარეთიდან საქართველოში 2003 წლიდან იწყება.  იმპორტის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 2009 წელს და 1995 წლის შემდგომ პერიოდში პიკურ მაჩვენებელს მიაღწია 2014 წელს. საიმპორტო ჯგუფებიდან უდიდესი წილი მოდის დისტილატებზე, ნავთობსა და ნავთობროდუქტებზე (მსუბუქი დისტილატები და პროდუქტები; ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; და სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი ნავთობის ან ნავთობპროდუქტები და ა.შ.; საშუალო და მძიმე დისტილატები; ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; მათი წილი 2010 წლის შემდგომ პერიოდში ბულგარეთიდან განხორციელებულ იმპორტში საშუალოდ 67 პროცენტს შეადგენდა. 2014 წელს იმპორტის მკვეთრი ზრდა მსუბუქ დისტილატებსა და ნავთობპროდუქტებს უკავშირდებოდა. სხვა დანარჩენი, როგორც ერთ პროცენტზე მეტი წილის მქონე, ისე მცირე და ფრაგმენტული საიმპორტო ჯგუფების ანალიზიდან ირკვევა, რომ ბულგარეთიდან უფრო მეტად ხორციელდება პირველადი სამომხმარებლო საქონლის ან საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის დამხმარე საშუალებების იმპორტი. მაგალითად, ბულგარეთის მთლიან იმპორტში 2016 წელს 6,5%-მდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესისთვის დამხმარე საშუალებები, როცა 2010 წელს იგი 0,5%-ს შეადგენდა; მცირე ზრდა განიცადა და 2016 წელს 2,7% შეადგინა მეღვინეობის, წვენებისა და სხვა¬დასხვა სასმელების წარმოებისათვის საჭირო დამხმარე საშუალებების იმპორტმა, რაც წინა წლებში უმნიშვნელო მაჩვენებელი იყო.

ბულგარეთის ინვესტიციები საქართველოში 2001 წლიდან დაიწყო (2 მლნ აშშ დოლარი), მაგრამ მას მეტად ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და რიგ წლებში (2002-2010 წწ) არ არის დაფიქსირებული საქართველოში ბულგარეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. შემდგომ წლებში ბულგარეთის წილი საქართველოს მთლიან ინვესტიციებში არ აღემატება ერთ პროცენტს. 2012 წელს შეადგინა 0,2 %, 2013 წელს - 0,3 %, 2014 წელს - 0,5%, 2015 წელს - 0,5%, 2016 წელს - 0,5%, 2016 წელს - 0,1 %.

ბულგარეთის ინვესტორები საქართველოში უფრო მეტ ინტერესს იჩენენ უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის, საფინან-სო სექტორის მიმართ, თუმცა აღნიშნული სექტორებიდან უძრავი ქონება სტაბილური საინვესტიციო სექტორია. მასზე მოდის საქართველოში განხორციე-ლებული ბულგარეთის პუი-ის 2012 წელს- 90,8%, 2013 წელს - 93,4 %, 2014 წელს - 67,2%; 2015 წელს - 66,8%; 2016 წელს - 73,0%

გარკვეული სირთულეებია მოცემული ორი ქვეყნის მომსახურებით საერ-თა¬შორისო ვაჭრობის, მათ შორის ტურისტული მომსახურების ექსპორტ-იმპორტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში. ტურისტული მომსახურების იმპორტის აღრიცხვა საქართველოში (ბულგარეთიდან) არ წარმოებს. მხოლოდ საზღვრისკვეთის სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიღებთ ინფორმაციას ბულგარელი ვიზიტორების შესახებ. ბულგარეთი უმსხვილეს ვიზიტორ ქვეყანათა შორის მე-18 ადგილზეა. ამასთან, როგორც მომსახურებით ვაჭრობის, ისე საქონლით ვაჭრობის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო სტატისკურ ინფორმაციებს შორის შეუსაბამობა კვლევის სირთულეებს ქმნის. საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის მთავრობას შორის დადებულია შეთანხმება სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება გარკვეულწილად შეავსებს სიცარიელეს და გამოასწორებს ხარვეზებს, განსაკუთრებით მომსახურებით ვაჭრობის აღრიცხვიანობაში.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის ტურისტული მომსახურებით ვაჭრობა მეტად მცირეა. ამ ქვეყნებში არსებული შავიზღვისპირა კურორტები შესაძლებლობას იძლევა ერთობლივი კრუიზების განვითარებისთვის; მართლმადიდებელ ქრისტიანთა მაღალი ხვედრითი წილი საქართველოსა და ბულგარეთის მოსახლეობაში მეტად პერსპექტიული ორმხრივი რელიგიური ტურების ორგანიზების პოტენციალის მატარებელია; გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური წმინდა ადგილი ბულგარეთში - პეტრიწონის მონასტერი (რომელიც ბულგარულად ბაჩკოვოს მონასტრის სახელწოდებით არის ცნობილი), ქართველების მიერ დაფუძნებულია მე-11 საუკუნეში.

როგორც ტურისტული ურთიერთობების, ისე ბიზნესკავშირების გაფარ-თოე¬ბისთვის ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული ფრენების სიძვირე და იაფი ფრენების გაუქმება ქუთაისიდან სოფიის მიმართულებით, რაც მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში ალბათ აღდგება.

ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის რეალიზაციაში როგორც საქართვე-ლოს, ისე ბულგარეთს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და მოლოდინი დიდია ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ინდექსის ანალიზით ირკვევა, რომ თუმცა საქართველო ბევრად ჩამორჩება ბულგარეთს, ორივე ქვეყანას რიგი ნაბიჯები აქვს გადასად¬გ-მელი ლოჯისტიკური კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, რათა რეალურად შეასრულონ მულტიმოდალური გადაზიდვების სისტემაში ევროაპა-აზიის დამაკავშირებელი რგოლის ფუნცია.

ავტორთა აზრით, სახელმწიფო, კერძო და აკადემიური სექტორების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი და საჭიროა ინტერპერსონალური საკომუნიკაციო ქსელების განვითარება და ორივე ქვეყნის ურთიერთცნობადობის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას. ეს ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს: მთავრობების მხრიდან გამოფენების ორგანიზებას, საინფორმაციო სივრცეების ადეკვატურ გამოყენებას, საელჩოების ეკონომიკური სამსახურების აქტიურ ჩართვას და ა.შ.; კერძო სექტორის მხრიდან შესაძლებელია ერთობლივი ტურების ინიცირება და ორგანიზება; აკადემიური წრეების მხრიდან საჭირო და აუცილებელია კვლევების ინიცირება და განხორციელება ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციური სფე-როების გამოსავლენად; გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება არა მარტო გამოცდილების გაზიარების, არამედ სხვა კულტურის "აღმოჩენის" და  კომუნიკაციის გაფართოებისთვის, რაც თავის მხრივ შესაძლოა ახალი ბიზნესების საფუძვლად იქცეს. მნიშვნელოვნია იმ საქონელთა საექსპორტო პოტენციალის შეფასება, რომელიც ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი საქართველოს-ბულგარეთის საგარეო ვაჭრობაში; ასევე, საექსპორტო და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვის შესაძლებლობების გამოვლენა კლასტერების განვითარების კონტექსტით. ეს ნაბიჯები მაკროეკონომიკურ დონეზე ეფექტიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო მიკროდონეზე არსებული და პოტენციური ფირმების ეფექტიან ფუქნციონირებას შეუწყობს ხელს, რაც უზრუნველყოფს ღრმა და მტკიცე ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებს და გაამყარებს პოლიტიკურ ორიენტირებს. 

საკვანძო სიტყვები: საქართველო, ბულგარეთი, საქართველო-ბულგარეთის ეკონომიკური ურთიერთობები.